ცვლილებები სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელ კანონმდებლობაში

თებერვალი 23, 2022
ცვლილებები სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელ კანონმდებლობაში

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი

2021 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით იქნა განხილული და მიღებული საკანონმდებლო პაკეტი სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელების შესახებ, რომელთა შესაბამისად, მოთხოვნები აზარტული და მომგებიანი თამაშების სფეროში ჩართული სუბიექტების მიმართ საგრძნობლად გამკაცრდა.

კანონპროექტის ავტორთა განმარტებით, ხსენებული რეგულაციების შემუშავების აუცილებლობა განაპირობა სათამაშო ბიზნესის სფეროში საზოგადოების მაღალმა საჯარო ინტერესმა. მათი თქმით, დღის წესრიგში დადგა სახელმწიფოს მხრიდან ისეთი აუცილებელი რეგულაციების შემოღება და ღონისძიებების გატარება, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების საჯარო ინტერესების დაცვას და სოციალური ფონის გაუმჯობესებას.

წინამდებარე ბლოგში მიმოხილულია აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში შესული მნიშვნელოვანი ცვლილებები. ცვლილებების ნაწილი უკვე ძალაში შევიდა 2022 წლის 01 იანვრიდან, ხოლო ნაწილი კი ამოქმედდება 2022 წლის 01 მარტიდან.

„თამაშზე დამოკიდებული პირი“ და „აკრძალული პირი“

 „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2022 წლის 01 მარტიდან ამოქმედდება ახალი დებულებები, რომლებიც განსაზღვრავს ისეთ ახალ სტატუსებს, როგორიცაა „თამაშზე დამოკიდებული პირი“ და „აკრძალული პირი“. ხსენებულ პირებს არ ექნებათ არც აზარტულ და მომგებიან თამაშებში მონაწილეობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) და არც აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის ადგილას სათამაშოდ შესვლის უფლება. აღნიშნული აკრძალვის შედეგად, რომელიც ვრცელდება ონლაინ კაზინოებზეც, დაახლოებით 1 000 000 ფიზიკურ პირს აეკრძალება აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის მიღება.

რომ განვმარტოთ, აზარტული თამაშობები გულისხმობს თამაშებს, რომელთა შედეგი მთლიანად ან ნაწილობრივ დამოკიდებულია შემთხვევითობაზე (მაგ. ონლაინ აზარტული თამაშები). ის შეიძლება ტარდებოდეს სათამაშო აპარატების, სათამაშო ბორბლის (რულეტის), სამორინეს მაგიდის, კლუბის მაგიდის ან სხვა სათამაშო ინვენტარის მეშვეობით. რაც შეეხება მომგებიან თამაშებს, მათ განეკუთვნება: ლოტო, ბინგო, ტოტალიზატორი და წამახალისებელი გათამაშება.

„თამაშზე დამოკიდებული პირი“, როგორც ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს დაუძლეველი სურვილი და დამოკიდებულება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა), შეყვანილი იქნება ე.წ. დამოკიდებულ პირთა სიაში. ხოლო სათამაშო ბიზნესში „აკრძალული პირის“ სტატუსი კი მიენიჭებათ: საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებულ პირებს, სახელმწიფო მოსამსახურეებს, საჯარო მოსამსახურეებს, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს. ასევე, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსა და საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაქმებულ პირებს, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახის წევრებს.

„თამაშზე დამოკიდებული პირებისა“ და „აკრძალულ პირთა“ სია

დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიას აწარმოებს საქართველოს შემოსავლების სამსახური და სწორედ მას ექნება მუდმივად განახლებული ბაზა. დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში დასაშვები იქნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქის შესახებ მონაცემების შეტანა.

დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები შეიტანება: ა) თავად პირის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შემოსავლების სამსახურს წარუდგენს განაცხადს დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის თაობაზე; ბ) მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად. საინტერესოა, რომ პირის ოჯახის წევრს, კერძოდ, მის მშობელს, მეუღლეს, შვილს ან მასთან მუდმივად მცხოვრებ პირს ექნება უფლება მიმართოს სასამართლოს შესაბამისი განცხადებით და მოითხოვოს პირის მონაცემების შეტანა აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში სათანადო მტკიცებულებების წარდგენის საფუძველზე.

დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები შეიტანება 5 წლის ვადით. ხოლო ვადაზე ადრე პირის ამოღება მოხდება სიიდან, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, დამოკიდებულ პირთა სიაში ამავე პირის თაობაზე მონაცემების შეტანიდან არაუადრეს 3 წლისა.

დამოკიდებულ პირთა ან/და აკრძალულ პირთა თამაშების მოწყობის ადგილას შესვლა სათამაშოდ ან/და  თამაშობაში მონაწილეობისთვის დაშვება, თავის მხრივ, გამოიწვევს თამაშობის ორგანიზატორის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით, ხელახლა დარღვევისას კი – 20 000 ლარით.

მოთამაშის ასაკობრივი ზღვრის გაზრდა

საკანონმდებლო სიახლე ითვალისწინებს აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობისთვის მოთამაშის ასაკობრივი ზღვრის გაზრდას. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობით, 18 წლამდე ასაკის პირისთვის − სათამაშო აპარატების სალონსა და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე შესვლა ან/და თამაშობებში, მათ შორის, ონლაინ ფორმით აზარტულ თამაშობაში მონაწილეობა აკრძალულია. ამასთან, 21 წლამდე ასაკის პირს ეკრძალება სამორინეში ან/და აზარტულ კლუბში შესვლა და თამაშობაში მონაწილეობა.

ცვლილებებიდან გამომდინარე, 2022 წლის 01 მარტიდან ხსენებული ასაკობრივი ზღვარი გაიზრდება და აკრძალვას დაექვემდებარებიან უკვე 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები. შესაბამისად, 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე ვერ შეძლებს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლასა ან/და თამაშობაში მონაწილეობას. ხსნებული აკრძალვა მოიცავს მათ შორის ონლაინ კაზინოებსაც.

ასევე, გაიზრდება ასაკობრივი ზღვრის დარღვევით აზარტულ და მომგებიან თამაშობებში პირის მონაწილეობისთვის დაშვებისთვის ორგანიზატორზე დაკისრებული ჯარიმის ოდენობა და ნაცვლად 5000 ლარისა, განისაზღვრება 10 000 ლარის ოდენობით, დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი – 20 000 ლარის ოდენობით.

თამაშობის ორგანიზატორის ვალდებულებები

ზემოთ ჩამოთვლილი შეზღუდვებიდან და აკრძალვებიდან გამომდინარე, სწორედ თამაშობის ორგანიზატორი იქნება ვალდებული გააკონტროლოს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე, მათ შორის, ონლაინ ფორმით მოწყობის შემთხვევაში მოთამაშეთა ასაკი და სტატუსი. მან უნდა უზრუნველყოს თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად და თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირს, ასაკის კონტროლის მიზნით, მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პირის ვინაობისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი სხვა ოფიციალური დოკუმენტი.

ამასთან, ორგანიზატორმა ონლაინ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის შემთხვევაში მოთამაშის ვერიფიკაციის დღიდან ყოველწლიურად უნდა მოახდინოს პირის ხელახალი ვერიფიკაცია და ასევე, მან არ უნდა დაუშვას მოთამაშის მიერ სხვა მოთამაშის სათამაშო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა/გადატანა.

აკრძალვები და შეზღუდვები აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელების მიმართ

მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს ტერიტორიაზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების რეკლამა არ არის აკრძალული და მისი გავრცელება თანაბრად ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის. იგი რეგულირდება ზოგადი სტანდარტებითა და კანონით დადგენილი მოთხოვნებით რეკლამის მიმართ.

მოქმედი კანონმდებლობა ამ ეტაპზე ითვალისწინებს მხოლოდ შეზღუდვას, რომლის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 24 საათამდე. კერძოდ, 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს: აზარტული თამაშობის ამსახველ სცენას, მისი პოპულარიზაციის ხელშემწყობ ინფორმაციას და ეწევა აზარტულ თამაშობაში მონაწილეობის პროპაგანდას მოგების მარტივად მიღების შთაბეჭდილების შექმნით.

თუმცა, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონსა და რეკლამის შესახებ კანონში  2022 წლის 01 მარტიდან დაემატება ნორმები, რომელთა თანახმად, ნებისმიერ პირს აეკრძალება აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის ორგანიზატორის, ლოტოს ორგანიზატორის და ბინგოს ორგანიზატორის შესახებ რეკლამის რაიმე ფორმით ან საშუალებით, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით, გავრცელება, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა. დამატებით განისაზღვრება თამაშობის, მისი ორგანიზატორის რეკლამის შემცველი აბრის განთავსების სპეციალური წესები. მათ შორის, აიკრძალება მაუწყებლობით აზარტული და მომგებიანი თამაშების (გარდა წამახალისებელი გათამაშების), მათი ორგანიზატორის შესახებ რეკლამა, სასპონსორო განცხადება და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება.

გამონაკლისებს შორის არის შემთხვევა, თუ აღნიშნული რეკლამა ვრცელდება სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების გამართვის ადგილსა და სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის ადგილზე და აღნიშნული არის მათი საქმიანობის სპონსორობის სანაცვლო პირობა. ამასთან, ამგვარი რეკლამის გავრცელება ნებადართული იქნება მხოლოდ ვიზუალური ფორმით, სპორტული ღონისძიებისა თუ სპორტული შეჯიბრების გამართვის ობიექტის შიდა პერიმეტრზე, ბანერის განთავსებით ან მოთამაშეთა უნიფორმაზე განთავსებით.

ცვლილებებით ასევე აკრძალულია წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის საფუძველზე ჩასატარებელი გათამაშების შესახებ რეკლამის რაიმე ფორმით ან საშუალებით, მათ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით გავრცელება, თუ წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა გაცემულია აზარტული თამაშობის ორგანიზატორზე, ტოტალიზატორის ორგანიზატორზე, ლოტოს ორგანიზატორზე ან ბინგოს ორგანიზატორზე, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.

2022 წლის 01 მარტიდან, მაღლა ჩამოთვლილი აკრძალვებისა და წესების დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით, ხელახლა დარღვევისას კი – 20 000 ლარით. ხოლო ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 კვირის ვადაში დაჯარიმების საფუძვლის აღმოუფხვრელობა გამოიწვევს დაკისრებული სანქციის გასამმაგებას.

ცვლილებები საგადასახადო კოდექსში და გაზრდილი გადასახადები

საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, სისტემურ-ელექტრონული (ონლაინ) ფორმით აზარტული თამაშობის მომწობ პირთათვის საშემოსავლო და მოგების გადასახადის ნაწილში შეიცვალა დაბეგვრის რეჟიმი. ამ რეჟიმის შემოღების შედეგად კი, გაიზარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის მომწყობ პირთა საგადასახადო ტვირთი სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზის გაზრდის ხარჯზე:

2022 წლის 01 იანვრიდან კანონმდებლობაში შევიდა ცვლილებები, რომლითაც დამოუკიდებლად განისაზღვრა აზარტული თამაშობის ონლაინ ფორმით მომწყობ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საშემოსავალო და მოგების გადასახადით „დაბეგვრის ობიექტები“ და საგადასახადო განაკვეთი, აზარტული თამაშის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის ნაწილში.

კერძოდ, ახალი რეგულირებით, ონლაინ ფორმით აზარტული თამაშების ორგანიზების ბიზნეს სეგმენტისთვის უკვე დაბეგვრას საქმიანობის ამ ნაწილში დაექვემდებარა არა განაწილებული მოგება, არამედ აზარტულ თამაშზე მოთამაშეებისაგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა – ე.წ. GGR (ინგლ. Gross Gaming Revenue), ე.ი. ერთობლივი შემოსავალი თამაშებიდან. აღნიშნულ ახალი ტიპის დაბეგვრის სისტემას დაექვემდებარნენ ასევე ფიზიკური პირებიც, რომლებიც ონლაინ ფორმით აზარტული თამაშობის მოწყობიდან იღებენ შემოსავალს, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში.

შეიცვალა საგადასახადო განაკვეთის მოცულობაც ამ ტიპის საქმიანობის ნაწილში: თუ აქამდე მოგების/საშემოსავლოს გადასახადი დაითვლებოდა, იურიდიული პირების შემთხვევაში – განაწილებული მოგებიდან და ფიზიკური პირების (მაგ. ინდ. მეწარმეების) შემთხვევაში შემოსავალსა და ხარჯებს შორის სხვაობიდან შესაბამისად 15%/20%-იანი განაკვეთებით, ცვლილებებიდან გამომდინარე, აზარტული თამაშის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის ნაწილში მოგების/საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარა ე.წ GGR – 10%-იანი განაკვეთით, რომლის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვა გადასახადის გადამხდელს უკვე მოუხდება ყოველთვიურად. კერძოდ, შემცირდა მანამდე არსებული საანაგრიშო პერიოდი კალენდარული წლიდან კალენდარულ თვემდე ფიზიკური პირების შემთხვევაში. ხოლო კომპანიებთან მიმართებით, თუ ძველი საგადასახადო სისტემით მათ მხოლოდ მოგების პარტნიორებზე განაწილების შემთხვევაში მოუწევდათ მოგების გადასახადის გადახდა, ახლა მათი საგადასახადო ანგარიშვალდებულებაც სავალდებულო წესით ყოველთვიურად განისაზღვრა.

განვიხილოთ, მარტივ ჰიპოთეტურ შემთხვევაში ძველი და ახალი დაბეგვრის სისტემის მიხედვით როგორ მოხდებოდა კომპანიისთვის გადასახადების დაკისრება ონლაინ ფორმით აზარტული თამაშების მოწყობისას. პირობითად, დავუშვათ, თამაშობის ორგანიზატორი კომპანიის მიერ მიღებულმა ფსონებმა 2021 წელს შეადგინა 1 000 000 ლარი, მოთამაშეებზე გაცემულმა მოგებებმა კი მისი ½ ნაწილი, შესაბამისად, ხსენებული საანგარიშო წლისთვის  საოპერაციო შემოსავალმა თამაშობის ორგანიზატორისთვის შეადგინა 500 000 ლარი. დავუშვათ ასევე, რომ ხსენებული შემოსავალი კომპანიის მხრიდან გადანაწილდა შემდეგი სახითა და ოდენობებით: 200 000 ლარის ოდენობით კომპანიამ ხელფასები გასცა, 100 000 ლარის რეინვესტირება მოახდინა, 100 000 ლარი გაანაწილა კომპანიის პარტნიორებზე, ხოლო 100 000 ლარი კი დაიტოვა ანგარიშზე.

ძველი დაბეგვრის რეჟიმის მიხედვით, კომპანიის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი იქნება მხოლოდ პარტნიორებზე განაწილებული 100 000 ლარიანი მოგება, ხოლო მოგების გადასახადის ოდენობა კი 15%-იანი განაკვეთის გათვალისწინებით, შეადგენს 15 000 ლარს. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია არ გასცემდა მოგებას პარტნიორებზე, მას საერთოდ არ მოუწევდა მოგების გადასახადის გადახდა, ვიდრე არ მოახდენდა მის განაწილებას.

ახალი დაბეგვრის მეთოდით კი, ანალოგიური მოცემულობისას, კალენდარული წლის ფარგლებში რომ განვიხილოთ, კომპანიის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი იქნება მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობა ე.ი. 500 000 ლარიანი ერთობლივი შემოსავალი თამაშებიდან (ე.წ. GGR), შესაბამისად, კომპანიას მოუწევს GGR-ის 10 %-ის, კერძოდ, 50 000 ლარის ოდენობით მოგების გადასახადის გადახდა. ამასთან, ახალი დაბეგვრის რეჟიმი გადასახადის გადახდას უკვე აუცილებელი წესით მოითხოვს ყოველთვიურად, საანგარიშო თვეში დაფიქსირებული GGR-ის ოდენობის შესაბამისად.

უნდა განიმარტოს, რომ ხსენებული ცვლილებები დაბეგვრის რეჟიმთან დაკავშირებით შეეხო კონკრეტულად აზარტულ თამაშებს, როცა ისინი ორგანიზებულია ონლაინ ფორმით. ის არ შეხებია ფიზიკური ფორმით მოწყობილ აზარტულ და მომგებიან თამაშობებს, ე.წ. მიწის თამაშებს. უცვლელია ტოტალიზატორის, როგორც მომგებიანი თამაშის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობიდან პირის საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრის აქამდე მოქმედი რეჟიმიც.

დამატებით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილე პირის მიერ სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხაც 2 პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადით.

ცვლილებები სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელთან მიმართებით

სათამაშო ბიზნესში ჩართულ პირებს ასევე აქვთ ვალდებულება, სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მათთვის საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებისათვის იხადონ კანონით დადგენილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლები, რომელთა დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით. მათ შორის არის ლატარიის მოწყობისთვის დადგენილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

კანონში შესული ცვლილებებით, 2022 წლის 01 იანვრიდან შეიცვალა ლატარიის ჩატარებისას ბიუჯეტში ყოველკვარტალურად გადასახდელი თანხის დაანგარიშების პრინციპიც: კერძოდ, ცვლილებებამდე ლატარიის ორგანიზატორს უწევდა მოსაკრებლის გადახდა ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების არა უმეტეს 20%-ისა ოდენობით. ახლად ამოქმედებული რეგულაციებით კი, ლატარიის გადასახდელის დაანგარიშების წესი დაუკავშირდა ლატარიის ერთობლივ შემოსავალს (ინგ. Gross Gaming Revenue), რომელიც წარმოადგენს სხვაობას ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის. ცვლილებების თანახმად, ლატარიის ორგანიზატორს უკვე მოუწევს ყოველკვარტალურად გადაიხადოს ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%.

კანონმდებლის განმარტებით, ლატარიის გადასახდელის დაანგარიშების პრინციპის ცვლილება მოკლევადიან პერსპექტივაში შეამცირებს ლატარიის ორგანიზატორის მიერ ბიუჯეტში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობას, რაც, თავის მხრივ, ლატარიის ორგანიზატორს მისცემს შესაძლებლობას მოახდინოს დაზოგილი ფინანსური რესურსის რეინვესტირება და გაზარდოს ბრუნვა. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ეს გამოიწვევს ლატარიის ორგანიზატორის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი მოსაკრებლის გაზრდას.

ბლოგის ავტორი: თამთა შამუგია

 

დაგვიკავშირდით
0322 19 44 94
ბესარიონ ჟღენტის ქ. 16 თბილისი, საქართველო, 0183
contact@justiceleague.ge