i-Gaming ლიცენზია საქართველოში 2026: ღირებულება და წესები

თუ საქართველოდან უცხოელი მოთამაშეებისთვის სისტემურ-ელექტრონული (შემდგომში „ონლაინ“) კაზინოს, სლოტების ან ტოტალიზატორის მომსახურებას გეგმავთ, 2026 წლიდან ამისთვის საერთაშორისო ნებართვა არსებობს, რომელსაც სათამაშო ბიზნესის სექტორში „iGaming ლიცენზიას“ უწოდებენ. ამ გზამკვლევში ნახავთ, რა მოსაკრებელი უნდა გადაიხადონ კომპანიებმა ონლაინ კაზინოს ნებართვის მოსაპოვებლად საქართველოში, როგორ იბეგრება მსგავსი საქმიანობა, რამდენ ხანს გრძელდება პროცესი და სად შეიძლება შეგხვდეთ სირთულეები.
2026 წლის 25 ივნისის ცვლილებებით „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონში (შემდგომ, დარგობრივი კანონი) სამი ახალი ნებართვა დაემატა: სამორინის, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზება. სამივე გაიცემა ფიზიკური ობიექტის გარეშე, 100 000-ლარიანი წლიური მოსაკრებლით და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლისგან გათავისუფლებით.
მთავარი შეზღუდვა: საერთაშორისო ნებართვით საქართველოს მოქალაქის თამაშობაში დაშვება აკრძალულია (მუხ. 32.2¹). ქართული ბაზარი სრულად იხურება, ოპერატორს კი მოქალაქეობის ვერიფიკაციის საიმედო მექანიზმი სჭირდება. დეტალები მე-6 თავშია.
„iGaming ლიცენზია” თუ საერთაშორისო ნებართვა, რა განსხვავებაა
სათამაშო ბიზნესის სექტორში ამ ტიპის ნებართვას „iGaming ლიცენზიას” ან „ონლაინ კაზინოს ლიცენზიას” უწოდებენ. საქართველოს კანონმდებლობა ასეთ ლიცენზიას არ იცნობს. არსებობს სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვა, რომელსაც შემოსავლების სამსახური გასცემს. მნიშვნელოვანი განიმარტოს, რომ აღნიშნული ნებართვა ოფშორული ლიცენზიების ალტერნატივად განიხილავენ, თუმცა ამ ტიპის ნებართვას კარგად მოწესრიგებულ საექსპორტო ბაზად უფრო ვხედავთ.
კანონი თითოეულ ვერტიკალს ცალკე არეგულირებს, ამიტომ საერთაშორისო ნებართვა სამი სახისაა::
- ონლაინ სამორინე (კაზინო) - სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზება;
- ონლაინ სლოტები - სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზება;
- ონლაინ ტოტალიზატორი - ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზება.
პრაქტიკული შედეგი სამია::
- კაზინო, სლოტები და ტოტალიზატორი ერთი ნებართვით ვერ დაიფარება, თითოეული ვერტიკალი ცალკე ნებართვასა და ცალკე მოსაკრებელს მოითხოვს;
- სამივე ნებართვა ფიზიკური ობიექტის გარეშე გაიცემა და ობიექტზე დამოკიდებული არ არის;
- ნებართვის სხვა პირზე გადაცემა აკრძალულია.
რა შეიცვალა 2026 წლიდან: ონლაინ კაზინო, სლოტები და ტოტალიზატორი
ონლაინ კაზინოსა და სლოტებისთვის ფიზიკური ობიექტი საქართველოში ადრეც არ იყო სავალდებულო, თუმცა ობიექტისგან დამოუკიდებელი ნებართვის წლიური მოსაკრებელი 5 000 000 და 1 000 000 ლარია. ონლაინ ტოტალიზატორი კი მხოლოდ ფიზიკური ტოტალიზატორის ნებართვის მფლობელზე გაიცემოდა საქართველოს ტერიტორიაზე ოპერირებისთვის.
კაზინოსა და სლოტებისთვის ცვლილება ფასშია: ექსპორტზე ორიენტირებული ოპერატორის სანებართვო ხარჯი 50-ჯერ და ნებართვის ტიპის მიხედვით 10-ჯერ მცირდება. ტოტალიზატორისთვის ეს პირველი გზაა ფიზიკური ობიექტის გარეშე ონლაინ ოპერირებისთვის.
რა ღირს iGaming ლიცენზია საქართველოში
-
სანებართვო მოსაკრებელი: თითოეულ ნებართვაზე წელიწადში 100 000 ლარი. პირველი წლის მოსაკრებელი განაცხადის წარდგენამდე იხდება, მომდევნო წლებისა კი ნებართვის გაცემის დღიდან ყოველი მომდევნო 12 თვის ამოწურვამდე;
-
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი: არ ერიცხება. „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სამივე საერთაშორისო ნებართვის მფლობელი ამ მოსაკრებლის გადამხდელი არ არის. შედარებისთვის, ობიექტზე მიბმული ონლაინ ნებართვის მფლობელი კვარტალში 250 000–300 000 ლარს იხდის;
-
საპრიზო ფონდი: ფონდის უზრუნველყოფა მხოლოდ ტოტალიზატორის ნებართვისთვისაა სავალდებულო: არანაკლებ 10 000 ლარი, საბანკო გარანტიით ან დაზღვევის პოლისით. საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნა არცერთ ვერტიკალზე არ ვრცელდება.
სრული პროდუქტისთვის (კაზინო, სლოტები, ტოტალიზატორი) სამი ნებართვაა საჭირო, ანუ წელიწადში 300 000 ლარი. ეს მხოლოდ სახელმწიფო სანებართვო მოსაკრებელია და არ მოიცავს ავტორიზაციის სერტიფიკატის, ინფრასტრუქტურის, დოკუმენტაციისა და სხვა ტექნიკურ ხარჯებს.
როგორ იბეგრება ონლაინ კაზინო და ტოტალიზატორი საერთაშორისო ნებართვით და განსხვავებები ადგილობრივ ნებართვასთან.
-
მოგების გადასახადი: უცხოელ მოთამაშეთა ნაწილში დასაბეგრი თანხა GGR-იდან ითვლება, ანუ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობა, 5%-იანი განაკვეთით, სამივე ვერტიკალში. შედარებისთვის, ქართველ მოთამაშეებზე ონლაინ კაზინო და სლოტები GGR-ის 20%-ით იბეგრება, ტოტალიზატორი კი ფსონების ჯამის 7%-ით;
-
გატანის გადასახადი: უცხოელი მოთამაშის მიერ სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა არ იბეგრება. შედარებისთვის, შიდა ნებართვით მოქმედ ონლაინ პლატფორმაზე ქართველი მოთამაშის გატანა წყაროსთან 5%-ით იბეგრება;
-
დღგ: სათამაშო ოპერაციები გათავისუფლებულია ჩათვლის უფლების გარეშე, ამიტომ 18%-იანი უკუდაბეგვრის დღგ უცხოურ მომსახურებაზე (პლატფორმა, კონტენტი, odds feed, KYC) რეალური ხარჯია;
-
წყაროსთან დაკავება: როიალტიზე 5%, მომსახურებაზე 10%, დივიდენდზე 5%.
ჩვენს პრაქტიკაში ყველაზე ხშირი შეცდომა GGR-ის წმინდა მოგებასთან გაიგივებაა: მისგან არ აკლდება პლატფორმა, მარკეტინგი, ხელფასები და სანებართვო მოსაკრებელი. ბონუსებისა და ქეშბექის ასახვა GGR-ში მარკეტინგის დაგეგმვამდე უნდა დაფიქსირდეს.
ვის შეუძლია ნებართვის მიღება და რა ვადაში
-
ნებართვა გაიცემა მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმეზე, პრაქტიკულად შპს-ზე. 100%-იანი უცხოური მფლობელობა დაშვებულია, უცხოური საწარმოს ფილიალი კი ამ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს;
-
სხვა ქვეყნის ლიცენზია, საოპერაციო ისტორია ან ბიზნესგეგმა არ მოითხოვება, ახალ შპს-ს უფლება ლიცენზიის განაცხადზე მიმართვის უფლება რეგისტრაციის დღიდანვე აქვს;
-
ნებართვა არ გაიცემა, თუ ხელმძღვანელი, პარტნიორი ან ბენეფიციარი მესაკუთრე ნასამართლევია განზრახი ეკონომიკური, მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, ან არსებობს აღიარებული საგადასახადო დავალიანება;
-
ნებართვა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით, 20 დღეში (პრაქტიკაში 20 სამუშაო დღე), 5 წლის ვადით.
პროექტის რეალური კრიტიკული გზა მოსამზადებელი ეტაპია, 4–10 კვირა: კომპანიის დაფუძნება, ინფრასტრუქტურის ლოკალიზაცია, ბანკის ანგარიშის გახსნა, ნასამართლობის ცნობების წარმოდგენა და სხვა ადმინისტრაციული და იურიდიული საკითხები.
საოპერაციო მოთხოვნები: სერვერები, დომენი და მოთამაშის ვერიფიკაცია
-
სერვერები საქართველოში: შემოსავლების სამსახურისთვის წარდგენილ თამაშობის წესში მიეთითება საქართველოში არსებული მართვის მისამართი და სერვერების განთავსების ადგილი. სრული ოფშორული ჰოსტინგი დაუშვებელია;
-
ერთი ნებართვა, ერთი დომენი: თითოეული ნებართვა ერთ ვებგვერდს ფარავს. დომენის ან მართვის ადგილის შეცვლა მხოლოდ სანებართვო რეესტრში ცვლილებით ხდება;
-
ვებგვერდი: ორგანიზატორის რეკვიზიტები, ნებართვის ნომერი, თამაშის წესები და აკრძალვის ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე;
-
მოქალაქეობის ვერიფიკაცია: გეო-IP ფილტრი საკმარისი არ არის: VPN-ით შემოსული საქართველოს მოქალაქის დაშვებაც კანონდარღვევაა და იკრძალება. საჭიროა მოთამაშის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის გამცემი ქვეყნისა და გადახდის ინსტრუმენტის იურისდიქციის შემოწმება, VPN/პროქსი აღმოჩენის მექანიზმის დანერგვა და რეგისტრირებული მოთამაშეების ყოველწლიურად ხელახალი ვერიფიკაცია;
-
პროგრამული უზრუნველყოფა: პლატფორმაში გამოყენებულ ყველა არსებით პროდუქციას, მათ შორის ოპერატორის საკუთარ სისტემას, შერჩეული პირის (Random Systems) ავტორიზაციის სერტიფიკატი სჭირდება. მესამე პირის თამაშის ან პლატფორმის მიმწოდებელს ქართული B2B (თამაშების მიწოდების) ნებართვა უნდა ჰქონდეს;
-
AML/CFT: ონლაინ ოპერატორი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონით ანგარიშვალდებული პირია.
ჯარიმები და ნებართვის გაუქმება
საერთაშორისო ნებართვის მფლობელისთვის სანებართვო პირობების ნებისმიერი დარღვევა, მათ შორის მოსაკრებლის ვადის დარღვევა, 20 000 ლარით ჯარიმდება. შეუსრულებლობისას ჯარიმა ორჯერ სამმაგდება, შემდეგ ნებართვა უქმდება, მოსაკრებლის დარღვევისას კი გასამმაგების ეტაპი არ არსებობს. საქმიანობის შეწყვეტისას მოთამაშის ბალანსის განკარგვის წესს ფინანსთა მინისტრი ადგენს.
ხშირად დასმული კითხვები
რა ღირს ონლაინ კაზინოს ნებართვა (ლიცენზია) საქართველოში? საერთაშორისო ნებართვის წლიური მოსაკრებელი 100 000 ლარია თითოეულ ვერტიკალზე, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გარეშე. ტოტალიზატორს ემატება საპრიზო ფონდის 10 000-ლარიანი უზრუნველყოფა. მზა ნებართვის ყიდვა შეუძლებელია, რადგან მისი სხვა პირზე გადაცემა აკრძალულია: მაძიებელმა კანონით დადგენილი ყველა მოთხოვნა თავად უნდა დააკმაყოფილოს და მიიღოს ნებართვა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისგან.
რამდენ ხანს გრძელდება ნებართვის მიღება? სანებართვო წარმოება კანონით 20 დღეა, შემოსავლების სამსახურის პრაქტიკაში 20 სამუშაო დღე. მოსამზადებელი ეტაპი რეალურად 4–10 კვირას მოითხოვს.
შეუძლია უცხოურ კომპანიას ნებართვის მიღება? პირდაპირ არა. ნებართვა გაიცემა საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმეზე, რომელიც შეიძლება 100%-ით უცხოურ კომპანიას ეკუთვნოდეს.
შეიძლება ერთი ლიცენზიით კაზინოც, სლოტებიც და ტოტალიზატორიც? არა. თითოეული ვერტიკალი ცალკე ნებართვას და ცალკე მოსაკრებელს მოითხოვს.
შეიძლება თუ არა, რომ სერვერები საქართველოს გარეთ იყოს? არა. სერვერების საქართველოში განთავსება სავალდებულო სანებართვო პირობაა.
შეიძლება ქართველმა მოთამაშემ ითამაშოს? არა. საქართველოს მოქალაქის დაშვება დარღვევაა, მიუხედავად ასაკისა და რეგისტრაციის არხისა.
როგორ დაგეხმარებათ ჯასთის ლიგა საერთაშორისო ნებართვა საქართველოში iGaming ბაზარზე შესვლის ყველაზე ხელმისაწვდომი ლეგალური გზაა, თუმცა ის მოითხოვს კორპორაციულ გამჭვირვალობას, ლოკალიზებულ ინფრასტრუქტურას, სერტიფიცირებულ პროგრამულ უზრუნველყოფასა და სწორ საგადასახადო მოდელს. სათამაშო ნებართვები ჩვენი ლიცენზიებისა და ნებართვების მიმართულების ნაწილია.
ჯასთის ლიგა ბიზნესსამართალში 9 წელია მუშაობს. ნებართვის პროცესში გთავაზობთ:
- სამართლებრივ ექსპერტიზას ბიზნესმოდელზე, რომელი ვერტიკალები და რამდენი ნებართვა გჭირდებათ;
- სანებართვო დოკუმენტაციის სრული პაკეტის მომზადებას, თამაშობის წესის ჩათვლით;
- ვერიფიკაციისა და AML/CFT პოლიტიკის შემუშავებას და საგადასახადო მოდელირებას;
- წარმომადგენლობას შემოსავლების სამსახურთან.
თუ საქართველოდან უცხოური ბაზრების მომსახურებას განიხილავთ, დაგვიკავშირდით
ინფორმაცია აქტუალურია 2026 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით. მასალა ზოგადი ხასიათისაა და იურიდიულ რჩევას არ წარმოადგენს..
დაკავშირებული სტატია:

ᲓᲘᲢᲝ ᲮᲕᲘᲩᲘᲐ
September 30, 2026









