რა არის არბიტრაჟი?

რა არის არბიტრაჟი?

არბიტრაჟის განმარტება და მისი არსი

არბიტრაჟი არის პირთა თანასწორობაზე დაფუძნებული დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშულება, რომელიც მხარეებს შესაძლებლობას აძლევს მათ შორის წარმოშობილი კერძო ხასიათის ქონებრივი დავა განიხილონ არა სასამართლოს, არამედ მათ მიერ არჩეული ან/და დანიშნული დამოუკიდებელი პირების - არბიტრების მონაწილეობით, თუ ამის შესახებ მხარეები წინასწარ შეთანხმდებიან წერილობით.

ამრიგად, არბიტრაჟის არსი მდგომარეობს სასამართლოს ნაცვლად, ალტერნატიულად მხარეთა მიერ შეთანხმებული ორგანოს - არბიტრაჟის მიერ მხარეთა შორის წარმოშობილი ქონებრივი დავის განხილვაში. არბიტრაჟის მნიშვნელობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა არბიტრაჟის მიერ საქმის განხილვის პროცესსა და განხილვის სამართლებრივ შედეგში. კერძოდ, არბიტრაჟის საშუალებით მხარეებს აქვთ შესაძლებლობა მათ შორის არსებული დავა განიხილონ სწრაფად, მიუკერძოებლად და ეფექტურად, რაც მათ შორის მოიცავს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობასაც.

როგორ მუშაობს არბიტრაჟის პროცესი?

არბიტრაჟის უპირატესობები ეფუძნება საარბიტრაჟო პროცესის ძირითად პრინციპებს, რომელთა შორისაც თვალსაჩინო ადგილს იკავებს შემდეგი:

  • ავტონომიურობა - მხარეები თავად წყვეტენ რომელ არბიტრაჟს მიმართონ, ვინ დაინიშნოს არბიტრად. ასევე, რომელი პროცედურული წესების და სამართლის გამოყენებით მოხდეს დავის გადაწყვეტა, რა ენაზე უნდა ჩატარდეს საარბიტრაჟო პროცესი, რა მოცულობით შეიძლება განიხილოს დავა არბიტრაჟმა და სხვა დეტალები, რაც ბევრად უფრო მოქნილსა და მხარეთა ინტერესებზე მორგებულს ხდის საარბიტრაჟო პროცესის მუშაობას.
  • მხარეთა თანასწორობა - არბიტრაჟი განიხილავს მხარეთა თანასწორობაზე დაფუძნებულ კერძო ხასიათის დავებს. განხილვის პროცესში მოდავე მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით გააქარწყლონ მხარეთა მიერ მითითებული გარემოებები, წარადგინონ მტკიცებულებები, პოზიციები და სხვა.
  • დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა - არბიტრაჟი დამოუკიდებელი სტატუსის მქონე ორგანოა, რომელიც მხარეთა ან ნებისმიერი მესამე პირის ზეგავლენისგან დამოუკიდებლად და რომელიმე ხმარისადმი მიკერძოების გარეშე განიხილავს დავას. არბიტრაჟის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის მაგალითია მხარეთა მიერ არბიტრების არჩევის შესაძლებლობა ან ამ უფლების საარბიტრაჟო ორგანოსათვის მინდობის ავტონომია.
  • კონფიდენციალურობა - საარბიტრაჟო პროცესი დახურულია, მესამე პირებს არ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია დავის დეტალების შესახებ, რაც ხშირად კრიტიკულად მნიშვნელოვანია მხარეთათვის.
  • დროის ეკონომიურობა - არბიტრაჟში დავა განიხილება სწრაფად, რაც შესაძლოა მნიშვნელოვან ფინანსურ შეღავათს სთავაზობდეს მხარეებს.
  • გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმი - არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მისი ცნობის შემდგომ, ექვემდებარება სავალდებულო/იძულების წესით აღსრულებას. შესაბამისად, არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა.

საარბიტრაჟო პროცესის ინიცირებამდე მნიშვნელოვანია დაცულ იქნეს საარბიტრაჟო შეთანხმებასთან დაკავშირებული სტანდარტი. კერძოდ, არბიტრაჟის პროცესის წარმართვა შესაძლებელია, თუ დაცულია საარბიტრაჟო დათქმის ფორმა და დავის განხილვის არსებითი პირობები, გამოსაყენებელი სამართალი, ენა, აგილი და სხვა.

აქვე, გასათვალისწინებელია, რომ საარბიტრაჟო შეთანხმება არ უნდა იყოს ბათილი, ძალადაკარგული ან მისი შესრულება არ უნდა იყოს შეუძლებელი. შესაბამისად, მხარეებმა წინასწარ უნდა შეაფასონ მათი ურთიერთობის ტიპი და მისგან გამომდინარე დავა შესაძლოა თუ არა კომპეტენციურად ექვემდებარებოდეს არბიტრაჟს.

არბიტრაჟსა და სასამართლოს შორის არსებული განსხვავება

არბიტრაჟი წარმოადგენს სასამართლოს ალტერნატივას. მიუხედავად იმისა, რომ არბიტრაჟი და სასამართლო დავის განხილვის ალტერნატიული საშუალებებია, მათ შორის არსებობს რამდენიმე ძირითადი განსხვავება:

  • სამართლებრივი ბუნება - სასამართლო, როგორც ხელისუფლების მესამე შტო ახორციელებს მართლმსაჯულებას. შესაბამისად, მისი სტატუსიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი საჯარო სამართლებრივი ფუნქცია აკისრია, რაც განაპირობებს მისი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის კანონით მკაცრად მოწესრიგებას. შესაბამისად, მხარეები ვერ სარგებლობენ ისეთივე ავტონომიით, როგორც ეს არბიტრაჟის შემთხვევაში.
  • პროცედურული წესები - სასამართლოს სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე კანონი მკაცრად განსაზღვრავს მთელ რიგ პროცედურულ საკითხებს და არბიტრაჟისგან განსხვავებთ მხარეებს არ აქვთ შესაძლებლობა საკუთარი ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე გააკეთონ არჩევანი ან შეთანხმდნენ კანონისგან განსხვავებულ წესებზე.
  • არჩევითობა - სასამართლოში, არბიტრაჟისგან განსხვავებით, მხარეებს არ შეუძლიათ აირჩიონ მოსამართლე. სასამართლოს მიერ დავის განხილვის შემთხვევაში, მხარეებმა შესაძლოა დაკარგონ დავის განხილვის საკითხის სპეციალისტის მონაწილეობით განხილვის შესაძლებლობა.
  • კონფიდენციალურობა - სასამართლოში, არბიტრაჟისგან განსხვავებით სამართალწარმოების პროცესი საჯაროა, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
  • გასაჩივრების წესი - მნიშვნელოვან სხვაობას ვხვდებით არბიტრაჟისა და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესსა და პროცედურაში. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა შესაძლებელია ზემდგომ ინსტანციებში (აპელაციასა და უზენაეს სასამართლოში), ასეთ შემთხვევაში გასაჩივრების საფუძველი შესაძლოა იყოს როგორც პროცესუალური ნორმების დარღვევა, ისე არასწორი ან/და არასრული სამართლებრივი განმარტება. არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში კი საფუძველი შესაძლოა მხოლოდ პროცედურული ნორმების ან საჯარო წესრიგის აშკარა დარღვევა იყოს.
  • განხილვის ვადები - აღსანიშნავია, რომ არბიტრაჟი წარმოადგენს სასამართლოს განტვირთვის ერთ-ერთ ალტერნატივას. სასამართლოს დატვირთულობისა და საქმის სიმრავლის გამო, მიუხედავად კანონით გათვალისწინებული განხილვის ვადებისა, ხშირად ძალიან გვიან მიიღება გადაწყვეტილება. არბიტრაჟის შემთხვევაში ეს ვადები მაქსიმალურად ხანმოკლეა და მხარეებს მნიშვნელოვან დროის რესურს უზოგავს.
  • საერთაშორისო დავები - მხარეთა საერთაშორისო ურთიერთობებიდან გამომდინარე, ასევე, საერთაშორისო საინვესტიციო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შესაძლებელია მხარეს, მათ შორის ინვესტორს, სურდეს ეროვნული მართლმსაჯულების შტოებზე სახელმწიფოს ზეგავლენისგან თავის დაზღვევა და საერთაშორისო კონვენციების ფარგლებში შექმნილი საარბიტრაჟო ტრიბუნალების მიერ დავის განხილვა. კონვენციის ფარგელბში შექმნილი საარბიტრაჟო ტრიბუნელბის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება წევრი სახელმწიფოებში შედარებით უფრო მარტივ პროცედურას უკავშირდება, ვიდრე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულება. შესაბამისად, რიგ საერთაშორისო ურთიერთობებში, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნებისათვის აპრობირებული და უპირატესია საარბიტრაჟო ინსტიტუტების გამოყენება.

როდის ღირს არბიტრაჟის არჩევა

არსებული განსხვავებების გათვალისწინებით დღის წესრიგში დგება საკითხი, თუ როდის გამოვიყენოთ არბიტრაჟი?

არბიტრაჟის გამოყენება დამოკიდებულია მხარეთა მისწრაფებებსა და ინტერესებზე. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებ სურთ მათი დავა განიხილებოდეს დროის მოკლე მონაკვეთში, კონფიდენციალურად, დავის განხილვაში ჩართული იყვნენ საკითხის სპეციალიზაციის მქონე პირები, ასევე, თავი დააღწიონ ბიუროკრატიულ პროცედურებსა და არასასურველ საპროცესო ჩარჩოებს, რომელსაც სთავაზობს სასამართლო, ასეთ შემთხვევაში მხარეთათვის არბიტრაჟი უკეთესი გამოსავალია, ვიდრე სასამართლო.

ასევე, შესაძლებელია მხარეთა შორის არსებული ურთიერთობების ბუნება (საერთაშორისო, თუ ადგილობრივი ურთიერთობები) განაპირობებდეს მხარეთა ინტერესეს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნებისათვის თავი დააღწიონ უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებასთან დაკავშირებულ სირთულეებს.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ არბიტრაჟი დავის გადაწყვეტის საკმაოდ მოქნილი და სწრაფი საშუალებაა, თუმცა არბიტრაჟში დავის განხილვის უპირატესობების მოქმედება და ეფექტი დამოკიდებულია მხარეთა შორის არსებული საქმიანობის ტიპზე, ურთიერთობის ბუნებასა და მხარეთა ინტერესებზე.

ნინო ღუნაშვილი

ᲜᲘᲜᲝ ᲦᲣᲜᲐᲨᲕᲘᲚᲘ

December 23, 2025

More Blogs Like This

Justice League All rights reserved
Loading