VASP: სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი

VASP: სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი

სრული ჩამონათვალი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივნისის №94/04 ბრძანების მიხედვით, დანართების მითითებით. დანართი ეხმარება პაკეტის სისრულის შემოწმებას წარდგენამდე.

ფორმის ზოგადი მოთხოვნა. დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იყოს დედნის ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლის სახით. უცხო ქვეყანაში გაცემულ დოკუმენტს დამატებით სჭირდება აპოსტილი ან ლეგალიზაცია, თუ კანონმდებლობა სხვას არ ითვალისწინებს. ყველა უცხოენოვან დოკუმენტს თან უნდა ახლდეს ქართულ ენაზე სათანადოდ დამოწმებული თარგმანი.

1. სარეგისტრაციო ფორმები და მოსაკრებელი

  • სრულად შევსებული სარეგისტრაციო ფორმა, დანართი №1;
  • გასაწევი ვირტუალური აქტივის მომსახურების ჩამონათვალი, დანართი №2;
  • წარმოდგენილი დოკუმენტაციის სარეგისტრაციო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის ცხრილი, დანართი №5;
  • 5 000 ლარის სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის ქვითარი.

2. კორპორაციული სტატუსი და ბენეფიციარი მესაკუთრეები

  • ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის პირდაპირი, არაპირდაპირი და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ, დანართი №4;
  • ფიზიკური პირის შემთხვევაში, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • იურიდიული პირის შემთხვევაში, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; არარეზიდენტისთვის, ამონაწერი შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოდან. ამონაწერი უნდა ასახავდეს ყველა ცვლილებას განაცხადის წარდგენის თარიღისთვის;
  • სააქციო საზოგადოების შემთხვევაში დამატებით, ამონაწერი აქციათა რეესტრიდან;
  • დოკუმენტაცია, რომელიც ბენეფიციარი მესაკუთრის დადგენის საშუალებას იძლევა;
  • განმცხადებელი კომპანიის ამონაწერი რეესტრიდან, ყველა ცვლილების ასახვით.

3. ადმინისტრატორების კვალიფიკაცია, რეპუტაცია და ფინანსური მდგომარეობა

  • ინფორმაცია თითოეული ადმინისტრატორის შესახებ, დანართი №3;
  • ადმინისტრატორის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ადმინისტრატორისა და საქმიანობის მართვაზე პასუხისმგებელი პირების განათლებისა და სამუშაო გამოცდილების დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს შესაბამისი ცოდნის ან გამოცდილების არსებობას;
  • ნასამართლობის ცნობები ადმინისტრატორზე და მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრეებზე, ყველა ქვეყნიდან, რომლის რეზიდენტიც პირი ბოლო 10 წელიწადში იყო. ქართული ცნობა არ უნდა იყოს 15 კალენდარულ დღეზე ძველი, უცხოური, 60 კალენდარულ დღეზე;
  • ინფორმაცია ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებში წილობრივი მონაწილეობის შესახებ: კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და წილის მოცულობა;
  • ინფორმაცია წარსული და მიმდინარე ბიზნესსაქმიანობისა და ფინანსური მდგომარეობის შესახებ, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროდან, მოვალეთა რეესტრიდან ან პირის მიერ მოწოდებული სახით;
  • ინფორმაცია იმ ორგანიზაციების გადახდისუნარიანობის შესახებ, რომლებსაც პირი მართავდა ან რომლებშიც მნიშვნელოვან წილს ფლობდა ან ფლობს (გაკოტრება ან სააღსრულებო პროცესი). თუ ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, წერილობითი დასტური.

4. ინფრასტრუქტურა, IT უსაფრთხოება და ტექნიკური აღჭურვილობა

  • ინფორმაცია გამოსაყენებელი ვებგვერდის შესახებ და დოკუმენტი, რომელიც მასზე საკუთრების ან სარგებლობის უფლებას ადასტურებს, მისამართების მითითებით;
  • აპლიკაციის დასახელება, განთავსების ადგილი, მწარმოებლის დასახელება და მწარმოებლის ვებგვერდის მისამართი;
  • სათავო ოფისისა და ფილიალის ფართზე საკუთრების ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან. სათავო ოფისის მისამართი სარეგისტრაციო ფორმაში საკონტაქტო მისამართად უნდა მიეთითოს;
  • დეტალური ინფორმაცია ფილიალების შესახებ, დანართი №7;
  • ვიდეომეთვალყურეობის დოკუმენტაცია, მხოლოდ ნაღდი ფულით ურთიერთგადაცვლის შემთხვევაში (გარდა თვითმომსახურების კიოსკისა): გარე პერიმეტრზე სისტემის დამონტაჟების აქტის ასლი და შიდა პერიმეტრზე (საოპერაციო ფართი და სალარო) კამერების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შეძენის დოკუმენტი, დამონტაჟების დოკუმენტი ან ფოტომასალა;
  • ელექტრონული სისტემის მწარმოებლის ამონაწერი შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოდან; სისტემის დასახელება; მწარმოებლის ვებგვერდის მისამართი; ის ადგილი, სადაც განთავსდება ინფორმაცია მომხმარებელთა მიმართ ვალდებულებებისა და ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ.

ელექტრონული სისტემის ფუნქციონალი დაგეგმილ მომსახურებას უნდა შეესაბამებოდეს. დემონსტრირება ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის პროცესის დასრულებამდე უნდა მოხდეს.

5. ბიზნესგეგმა, ოპერაციების სქემა და პარტნიორები

  • მომსახურების სქემატური აღწერა ვირტუალური აქტივების ჩამონათვალით. სქემა უნდა აღწერდეს ინფორმაციის, ვირტუალური აქტივისა და ფულადი სახსრების მოძრაობას მომსახურების დაწყებიდან დასრულებამდე, ყველა მონაწილის მითითებით: აქტივის გადამცემი და მისი პროვაიდერი, მიმღები და მისი პროვაიდერი (ექვაირერისა და სუბ-ექვაირერის ჩათვლით), შუამავალი პროვაიდერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • ინფორმაცია ეროვნული ბანკის ან უცხო ქვეყნის მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებულ ან რეგისტრირებულ ვირტუალური აქტივის და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებთან სახელშეკრულებო ურთიერთობის შესახებ;
  • ბიზნესგეგმა სულ მცირე მომდევნო 3 წლის ბიუჯეტის პროგნოზით. ის უნდა ადასტურებდეს, რომ კომპანიას აქვს შესაბამისი სისტემები, რესურსები და პროცედურები, და რომ საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელებს;
  • ორგანიზაციული სტრუქტურა: სათავო ოფისის ქვედანაყოფები ფუნქციებისა და დასაქმებულთა რაოდენობის მითითებით; სტრუქტურული განვითარების გეგმა საქმიანობის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში; ფილიალებით მუშაობის შემთხვევაში, ფილიალების ფუნქციების აღწერა.

სქემების რაოდენობა. თუ რამდენიმე მომსახურებას გეგმავთ, თითოეულზე ცალკე სქემა უნდა წარადგინოთ. თუ სქემები ვირტუალური აქტივების მიხედვით განსხვავდება, სქემები აქტივების ჭრილში უნდა დაიყოს; ერთნაირი სქემების დაჯგუფებისას მიუთითეთ შესაბამისი აქტივების ჩამონათვალი. თუ სქემაში ჩართულია უცხო ქვეყნის ვირტუალური აქტივის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, წარადგინეთ ასეთი პროვაიდერების სია მათი ზედამხედველი ორგანოების მითითებით.

6. AML/CFT შესაბამისობა

  • შიდა ინსტრუქცია (პოლიტიკა-პროცედურა) შესაბამისობის კონტროლის სისტემის დასანერგად, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ორგანიზაციული რისკის შეფასების დოკუმენტის ჩათვლით;
  • განცხადება, რომლითაც კომპანია ადასტურებს, რომ შესაბამისობის კონტროლის სისტემა დანერგილი აქვს ან საქმიანობის დაწყებამდე დანერგავს, დანართი №8.

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შიდა ინსტრუქციის ნაცვლად ან დამატებით მოითხოვოს ინფორმაცია კითხვარის ფორმით; კითხვარი მის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. ამ დოკუმენტაციას ბანკი კომპონენტების სისრულის კუთხით განიხილავს, თუმცა რისკზე დაფუძნებული მიდგომით შინაარსობრივი შემოწმების უფლებაც აქვს.

7. Travel Rule - გადაცემის თანმხლები ინფორმაცია

შესაბამისობა 2027 წლის 31 დეკემბრამდე უნდა უზრუნველყოთ (№253/04 ბრძანება). ინფორმაცია ტრანზაქციას მისი შესრულების ყველა ეტაპზე თან უნდა ჰქონდეს.

LAST PART

დიტო ხვიჩია

ᲓᲘᲢᲝ ᲮᲕᲘᲩᲘᲐ

August 20, 2026

Justice League All rights reserved
Loading
VASP: სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი